ადამიანის ,,მეს’’ რაობის, ბუნებისა და, შესაბამისად, მოკვდავობა-უკვდავების საკითხი არის იმ საკითხთაგანი, რომელიც ადამიანისათვის აქტუალურია ათასწლეულების მანძილზე. ეგზისტენციურ კითხვებს ადამიანი მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე უბრალოდ სახეს უცვლის: ვინ ვარ? საიდან მოვედი? რატომ? საით მივდივარ? რისთვის? და ა. შ. რეალურად საკუთარი ,,მეს’’ შეცნობის ამოუწურავ სურვილს უკავშირდება. ,,მეს’’ მოკვდაობა-უკვდავების საკითხთან ასევე პირდაპირ კავშირშია ყველა ის წარმართული თუ რელიგიური რწმენა, რომლებიც აქვს ადამიანს - შეუცნობელის, ერთ მთლიანთან (სუბსტანცია) საკუთარი თავის ასოცირების ნაწილში, სადაც მისი ,,მე’’ გარკვეულწილად უკვდავია, ვინაიდან წარმოადგენს იმ უკვდავი ტრანსცენდენტური მთლიანობის ნაწილს, რომლისაც სწამს/სჯერა ადამიანს.
წიგნი ეხება ადამიანის ,,მეს’’ კომპლექსურ, შინაარსობრივ და სტრუქტურულ შესწავლას ინტერდისციპლინურ (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, კვანტური მექანიკა, ნეირომეცნიერებები) ჭრილში.
ნაშრომში განხილულია ადამიანის ფსიქიკის აგებულების კლასიკური და თანამედროვე მოდელები და მიდგომები ადამიანის ,,მეს’’ შესახებ.
,,რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია’’ (STDM – Simple Theory of Difficult Meanings) წარმოადგენს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ნეიროფიზიოლოგიის, ნეიროქიმიის, კვანტური ფიზიკისა და ნეიროკვანტოლოგიის ინტერდისციპლინარულ, ახალ კონსტრუქტს, რომელიც ცდილობს ახლებურად ახსნას ადამიანის ,,მეს’’ ბუნება და თეორიული განზოგადების პირობებში (მომავალში) შესაძლებელს გახდის ადამიანის ,,მეს’’ შემადგენელი მაფორმირებელი ელემენტების დიგიტალიზაციას.
ნაშრომში შემოთავაზებულია ადამიანის ,,მეს’’ დიგიტალიზაციის შესაძლებლობის თეორიული საფუძვლები და მისი შემადგენელი შესაბამისი ინფორმაციული ნაკადების ტრანსლირების სხვა მექანიკურ (მატერიალურ) მატარებელზე ტრანსფერისათვის აუცილებელი კომპონენტები. განხილულია თვითაღქმის უწყვეტობის საკითხები ძილის, კომის, ცნობიერების ,,შეცვლილი’’ სხვა მდგომარეობების დროს და შემდგომ.
ნაშრომი აფართოებს დღევანდელი დღისათვის საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ინტერდისციპლინურ ცოდნას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც მომავალი კვლევისათვის, ისე ამ კვლევაში მოცემული თეორიული კონცეფციების პრაქტიკული რეალიზებისათვის.